ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
"საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს" - გიორგი კვირიკაშვილი
2016-02-14 10:31:46 · ამობეჭდვა

საქარრთველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. თუ მკითხავთ, რაში მდგომარეობს ევროპის სამომავლო პერსპექტივა, გიპასუხებთ, რომ ის მდგომარეობს საერთო მიზნისა და საერთო მომავლის გარშემო კონსოლიდაციაში . ხოლო საქართველო არის ამ საერთო მომავლის ნაწილი, რასაც საფუძვლად უდევს საერთო ისტორიული წარსული და კულტურა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ს კონფერენციის თემატურ პანელზე "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის ფორუმის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ევროპის მომავალთან დაკავშირებით საერთო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილის მომავალზე გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე კულტურულად.

"საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და გვაქვს სერიოზული ამბიციები ამ მხრივ: პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებად, საქართველოს პოლიტიკური სტანდარტების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ, იმედია, მალე გვექნება. საქართველომ უკვე დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო თანმიმდევრულია ევროინტეგრაციის პროცესში.
"ჩვენ წინაშე დგას მთელი რიგი გამოწვევები: ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა; რეგიონში ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოს ხვალინდელი დღისადმი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის სისტემურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე იმედის თვალით შევყურებთ ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის შემდგომ განმტკიცებას, რითაც დავაკავშირებთ ევროპასა და აზიას, ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს, ირანის ჩათვლით, რომელსაც გაუჩნდა მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობის პერსპექტივა",-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, რეგიონის უსაფრთხოებაში და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.

დისკუსიას, რომლის განსახილველი თემა იყო "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ", მოდერატორობას უწევდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: მაკედონიის პრეზიდენტი გიორგე ივანოვი, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარი, მონტერეგროს პრემიერ- მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, კოსოვოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ისა.







გაზიარება და მოწონება