ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
1 ლარი "მაესტროსთვის"- ასათიანის შეთავაზება გაჩეჩილაძეებს და მიმართვა ჟურნალისტებს
2016-02-15 13:26:13 · ამობეჭდვა

მაკა ასათიანი გიორგი გაჩეჩილაძეს კონსტრუქციულ რეჟიმში პრობლემების მოგვარებას სთავაზობს. ამის შესახებ ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გვენეტაძის განცხადებით, ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს სთავაზობს სასამართლოში მიმდინარე გადახდისუნარობის საქმეში „მაესტროს“ კრედიტორად დაფიქსირდნენ, რისთვისაც სიმბოლური თანხის 1 ლარის გადახდაა საჭირო.
„კიდევ ერთხელ, საჯაროდ მინდა გავუკეთო შეთავაზება გიორგი გაჩეჩილაძეს, შესაბამისად - ლევან გაჩეჩილაძეს, იმასთან დაკავშირებით, რომ გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში იმ პრობლემების დარეგულირებისა, რაც შეეხება „მაესტროს“ გადახდისუნარობას და მათ ვთავაზობთ კიდევ ერთხელ დაფიქსირდნენ „მაესტროს“ კრედიტორად სასამართლოში მიმდინარე გადახდისუნარობის საქმეში.

ამისათვის, სიმბოლურად საჭიროა გარკვეული თანხის, თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვა „მაესტროს“ ანგარიშზე და ვთხოვთ მათ, წარმოადგინონ სასამართლოში ე.წ. რეაბილიტაციის გეგმა, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ. იმედს ვიტოვებთ, ეს რეაბილიტაციის გეგმა არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს გეგმა რეალურად არსებობს და იქნება ყველასთვის დამაკმაყოფილებელი, მხარს დაუჭერენ- „საჯაროდ ვდებ პირობას, რომ თუ კი რეაბილიტაციის გეგმა იქნება წარმოდგენილი და იქნება დამაკმაყოფილებელი ყველასთვის, მათ შორის კრედიტორებისთვის, ტელევიზიისთვის, საზოგადოებისთვის ჩვენ, ჩვენი ხმებით, რაც გვექნება გადახდისუნარობის საქმეში, დავუჭერთ მხარს რეაბილიტაციას და შესაბამისად, უარს ვიტყვით გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ასათიანის ადვოკატი "მაესტროს" ჟურნალისტებსაც მიმართვს და მოუწოდებს, სიმბოლურად კრედიტორად დასაფიქსირებლად ანგარიშზე 1 ლარი გადარიცხონ-
„ასევე, მინდა ვთხოვო „მაესტროს“ ჟურნალისტებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ამ გზით, რასაც 1 ლარის სიმბოლურად ჩარიცხვა ჰქვია, მოინდომონ და გახდნენ სიმბოლურად კრედიტორები და იქცნენ მხარედ სასამართლოში. სწორედ მათ მიეცეთ საფუძვლიანად შეფასების საშუალება მიმდინარე პროცესების“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კრედიტორთა კრება 19 თებერვალს, 14:00 საათზეა დანიშნული.







გაზიარება და მოწონება