გიორგი ღვინიაშვილი – მარგველაშვილის გამარჯვება ქვეყანისთვის კარგი არ იქნება
ამობეჭდვა · 2013-09-26 17:46:03 · 1 ნახვა

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება ქვეყნისთვის კარგი არ იქნება. მისი თქმით, მარგველაშვილი მთავრობას ოპონირებას ისე ვერ გაუწევს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებას მოსთხოვს, მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოიდ მიცემული დაპირებები შეასრულოს.

„მარგველაშვილის გამარჯვება ქვეყნისთვის კარგი არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი წინასაარჩევნო დაპირება დადო, ფაქტობრივად ვხედავთ, რომ დღეს 1%–იც არ შესრულებულა. ამიტომ მათი კანდიდატი ნამდვილად ვერ გაუწევს ისეთ ოპონირებას მთავრობას, როგორც ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენ ვიღაცას ჯიბრს ვუწევთ, პირიქით, მთავრობა უნდა იყოს ყოველთვის კონტროლის რეჟიმში, მუდმივი ოპონირების რეჟიმში, რომ არ მოდუნდეს და თავისი წინასაარჩევნო დაპირებები, რითიც მოვიდა ხელისუფლებაში, შეუსრულოს ხალხს, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეს არ მოხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, კონსტრუქციულად და არანაირი ჯიბრის გაწევის მიზნით, ქვეყნის სასიკეთოდ იქნება ოპონირების რეჟიმი, მოსთხოვს ხელისუფლებას, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს და იყოს უფრო ეფექტური. ჩვენ, დათო ბაქრაძის სახით გვყავს, ძალიან ღირსეული კანდიდატი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ღვინიაშვილმა.