"მე მაინტერესებს, ვენეციის კომისიისგან რომ ნეგატიური შეფასება მოვიდეს, რა უნდა ვქნათ ჩვენ, მსოფლიოს რომელ ქალაქში უნდა შევიკრიბოთ"
2016-02-15 13:44:59 · ამობეჭდვა

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ჩაშლილ საკონსტიტუციო რეფორმასა და საარჩევნო კოდექსის შესახებ მსჯელობენ.

"გვინდა ვისაუბროთ ჩაშლილ საარჩევნო რეფორმაზე, იმაზე თუ როგორ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ გაუგებარი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რასაც ვიღაცამ ხელისუფლებაში დაარქვა საარჩევნო რეფორმა. საუბარი იქნება ასევე იმ წარმოუდგენელ საარჩევნო გეოგრაფიაზე, რომელიც შემოგვთავაზა "ქართულმა ოცნებამ" და ახლებურად გადაკერა, დაჩეხა, დაანაწევრა საარჩევნო ოლქები, რაც, რა თქმა უნდა, არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას გაართულებს. საუბარი ასევე იქნება ჩაშლილ საკონსტიტუციო რეფორმაზე. სამი წელი გახდა მას შემდეგ რაც დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო კომისია "მუშაობს" და მხოლოდ რამდენიმე სხდომა ჩატარდა. სხვა სხდომები ჩაიშალა კვორუმის არარსებობის გამო. ისინი ხელს იშვერდნენ ოპოზიციისკენ, არადა უმრავლესობა ამ კომისიაში მათია.
"ქართულმა ოცნებამ" ჯერ მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და შეფასებისთვის მხოლოდ ამის შემდეგ გადაუგზავნა ვენეციის კომისიას. როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა ხელისუფლებამ მისი წინამორბედისგან "ნაციონალური მოძრაობისგან" გადაიღო.
მე მაინტერესებს, ვენეციის კომისიისგან რომ ნეგატიური შეფასება მოვიდეს, რა უნდა ვქნათ ჩვენ, მსოფლიოს რომელ ქალაქში უნდა შევიკრიბოთ, ვენეციაში ეტყობა ვერ შევიკრიბებით. გამოგონილ ახალ ქალაქს ალბათ აღმოვაჩენთ "ქართული ოცნების" მიერ დაჩეხილ საქართველოს რუკაზე, იქ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის ნეგატიურ შეფასებაზე. ეს არის აბსურდის თეატრი", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.







გაზიარება და მოწონება