რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს პრეზიდენტის გაეროში გამოსვლა იყო ძლიერი
ამობეჭდვა · 2013-09-26 20:20:51 · 3 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლას "ძლიერი" უწოდა. როგორც რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრეზიდენტის შეშფოთებამ ე.წ. საზღვრების გავლების პროცესთან დაკავშირებით. ელჩის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება იმ შესაძლო შეცდომების მიმართ, რაც მისმა მთავრობამ დაუშვა, ღირსშესანიშნავი განცხადება იყო. ნორლანდი დასძენს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ვნახე პრეზიდენტის გამოსვლის სტენოგრამა და მოგახსენებთ, რომ ეს იყო ძლიერი გამოსვლა. ორმა გარემოებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. პირველ რიგში, პრეზიდენტის შეშფოთებამ საზღვრების გავლების მიმდინარე პროცესზე - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში. ამის შესახებ მეც არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. გუშინაც აღვნიშნე, რომ ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საერთაშორისო საზოგადოება იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლებელი იქნება გონივრული გამოსავალი მოინახოს ამ მდგომარეობიდან. მივაქციე ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალს ყურადღება - პრეზიდენტმა ისაუბრა იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც მისმა ხელისუფლებამ დაუშვა. მან სრული პასუხისმგებლობა იკისრა დაშვებული შეცდომების გამო, გამოთქვა წუხილი, რომ მისი მთავრობის შეცდომების გამო, შესაძლოა, ვიღაც დაზარალდა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მოღვაწისგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი განცხადებაა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში რუსული ოკუპაციის გაგრძელებაზე, ასევე საქართველოსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებზე კრემლის ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება.